ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა დღის წესრიგში არ დგას

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია.
„დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა დღის წესრიგში არ დგას. ჩვენმა რუსმა კოლეგებმა კარგად იციან, თუ რატომ. სანამ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. მაგრამ, თუკი მოხდება ძალიან სერიოზული წინსვლა ამ მიმართულებით და ჩვენ დავინახავთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, ალბათ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. ჩვენ ძალიან სერიოზული პროგრესი უნდა დავინახოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში. ჩვენი ამოცანაა, სწორედ ამ მიმართულებით დავინახოთ სერიოზული წინსვლა“, – განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ ჯერ ქართულმა მხარემ გააუქმა სავიზო რეჟიმი, შემდეგ კი რუსეთის მხარემ მნიშვნელოვნად გაამარტივა.
„დიპლომატიური ურთიერთობა ამისათვის არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის. გამოცდილებამ დაადასტურა, რომ ჯერ ჩვენ მოვხსენით, საერთოდ გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი, შემდეგ რუსეთის მხარემ მნიშვნელოვნად გაამარტივა. ახლა საუბარი იყო სავიზო რეჟიმის საერთოდ გაუქმებაზე. ეს ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ პუტინისგან, შემდგომ საგარეო უწყებამაც დაადასტურა. დავუკვირდეთ მოვლენებს და ყველაფერი გამოჩნდება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები