ნინო გვენეტაძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში მიემგზავრება
საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე მიმდინარე წლის 29 იანვარს ოფიციალური ვიზიტით მიწვეულია საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს მიერ დაგეგმილ სემინარზე: „საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოების წინაშე არსებული ადამიანის უფლებათა მასშტაბური დარღვევები“.
უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, მსგავსი ღონისძიებით ყოველწლიურად აღინიშნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი იურიდიული წლის დაწყება, რომელიც ეძღვნება სხვადასხვა აქტუალურ საკითხს. მასში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, მოწვეულნი არიან ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები და პროკურორები.
წლევანდელი სემინარი შედგება ორი ნაწილისგან: გენოციდი, კაცობრიოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და ომის დანაშაული; ტერორიზმი. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 28 და 29 იანვარს დაგეგმილია უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან – ტორბიორნ იაგლანდთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან – ნილს მუჟნიეკთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარესთან – გუიდო რაიმონდისთან. სემინარი საზეიმო სხდომით დაიხურება, რომელსაც უხელმძღვანელებს სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარე გვიდო რაიმონდი და პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – ანდრეი რჟეპლინსკი.