დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც ევროპა-უკრაინის მეცხრე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.
დღეს დავით უსუფაშვილმა ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც პოლონეთის, უკრაინისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო დისკუსიაში თემაზე: „უკრაინის ასოცირება ევროპის კავშირში-რეფორმები და მოდერნიზაცია“. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეთ სიტყვითაც მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს და უკრაინას, მათ წინაშე არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად, ერთმანეთის გვერდში დგომა ესაჭიროებათ. სჭირდებათ.
„საქართველო და უკრაინა იზიარებენ ისტორიულ წარსულს , ისევე, როგორც აწმყოს. ჩვენ ერთად მივაღწიეთ წარმატებას ევროკავშირის გზაზე. ამავდროულად, ორივე ქვეყანამ განიცადა მისი სუვერენიტეტის დარღვევა და ჩვენი ტერიტორიები დღესაც ოკუპირებულია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც ორივე ქვეყანამ გააკეთა ამ გამოცდილებიდან, არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი და ერთმანეთის გვერდში დგომა“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპასთან ასოცირება საქართველოსა და უკრაინის ეგზისტენციალური არჩევანია.„ჩვენი ქვეყნებისთვის ევროპასთან ასოცირება არ გახლავთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნების გარდაქმნის საუკეთესო მექანიზმი. ასოცირება ევროპასთან ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანია“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის მოდერნიზაციის დროს, უკრაინელებმა პრიორიტეტები სწორად უნდა შეარჩიონ. მისი აზრით, მთავარი პრიორიტეტი კანონის უზენასეობის უზრუნველყოფაა.
„ჩვენი რჩევა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის იქნება ის, რომ მათ სწორად შეარჩიონ პრიორიტეტები ქვეყნის მოდერნიზაციის დროს. ჩემი აზრით, მთავარი პრიორიტეტი ამ პროცესში უნდა იყოს კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, რადგანაც კანონის უზენაესობისა და ინსტიტუციური მშენებლობის გარეშე ეფექტური ვერ იქნება მმართველობა. ამ ფუნდამენტური პრინციპების და ინსტიტუტების არარსებობის შემთხვევაში, მივიღებთ მხოლოდ მოკლევადიან წარმატებას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნის მართვის საქმეში საჭიროა ლიდერები, რომლებიც ყოველდღიურად იზრუნებენ ქვეყნის წინსვლაზე, რომლებიც დაიცავენ ადამიანთა უფლებებს, მიუხედავად მათი შეხედულებებისა და განწყობისა. „სხვაგვარად, განვითარებისა და მოდერნიზაციის გზის ნაცვლად, შევდგებით ავტორიტარიზმის ავტობანზე, რაც ისევ იქ დაგვაბრუნებს, სადაც დავიწყეთ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და უკრაინამ ეფექტურად გამოიყენონ მეგობარი ქვეყნების, მათ შორის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების, დახმარება.
„და ბოლოს – მნიშვნელოვანია, გვქონდეს კარგი მეხსიერება, რათა არ დაგვავიწყდეს ისტორიული გამოცდილება. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, დემოკრატიული სამყარო არწმუნებდა საქართველოს, რომ დამნაშავე სათანადოდ დაისჯებოდა, რომ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას მსოფლიო არ შეეგუებოდა. 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის, თითქმის აღარავის ახსოვდა ეს განცხადებები და დაპირებები! მნიშნელოვანია, რომ უკრაინის პრობლემები მუდმივად იყოს განხილვაში და აგრესორის „კარგი ქცევის“ ხარჯზე არ მოხდეს ამ პრობლემების დავიწყება“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა დისკუსიაში მონაწილეობისას. მისივე შეფასებით, ძალით წართმეული ტერიტორია ძალითვე ვერ დაბრუნდება. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სტატუს-ქვოს აღსადგენად, უმჯობესია, ძლიერ ეკონომიკას, კულტურასა და ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგია შემუშავდეს.
25 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში: „აღმოსავლეთ პარტნიორობა-წარმატება თუ მარცხი?“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები