„მთავრობამ შესაძლებელია, მოუსმინოს პრეზიდენტს, თუ ამ დროს უფრო მნიშვნელოვანი საქმე არ აქვს“
პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მოხსენებით თებერვლის პირველ ნახევარში წარდგება, თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთაქიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, რა ფორმატით მოხდება გამოსვლა, ამაზე პარლამენტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლაზე აღმასრულებელი მთავრობის დასწრებას, ქანთარიას თქმით, ეს თავად პრემიერის გადასაწყვეტია და აჟიოტაჟის საგანი არ უნდა გახდეს.
დეპუტატის განცხადებით, მთავრობამ შესაძლებელია, მოუსმინოს პრეზიდენტს, თუ ამ დროს უფრო მნიშვნელოვანი საქმე არ აქვთ.
„რეგლამენტის მიხედვით პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე მონაკვეთში მოდის. ვფიქრობ, პრეზიდენტს თებერვლის პირველ ნახევარში მოვუსმენთ. რა ფორმატით იქნება ეს, მანამდე გადაწყდება. არც საპარლამენტო უმრავლესობას, არც თავმჯდომარეს არავინ დაგვივალდებულებია, რომ ვინმე მოსულიყო და არც ის უთხოვია, რომ ვინმე არ მოსულიყო. ასე რომ, რა ფორმატი იქნება, ეს თავად პრემიერის გადასაწყვეტია და აჟიოტაჟის საგანი არ უნდა გახდეს. მთავრობამ შესაძლებელია, რომ მოუსმინოს, თუ ამ დროს უფრო მნიშვნელოვანი საქმე არ აქვს, ამაზე არ უნდა იყოს აქცენტი. დარწმუნებული ვარ, გიორგი კვირიკაშვილი ამას სპეკულაციის საგნად არ აქცევს. რა ფორმატში იქნება პრეზიდენტის გამოსვლა, უახლოეს ხანში გადავწყვეტთ. სამ თებერვალს ვიწყებთ, 2- ში ბიუროს სხდომა იქნება და ამ დღეებში ყველაფერი გადაწყდება“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.