„შესაძლოა, ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელი სხვა სფეროში უფრო ეფექტური იყოს“

„განვლილმა 4 წელმა მოგვცა ის გამოცდილება, რომ შესაძლოა, ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელი სხვა სფეროში უფრო ეფექტური იყოს და თვითონ მათი სურვილიც იყოს, სხვა სფეროებში გადაინაცვლონ“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ჩაფიძე დარწმუნებულია, რომ იმათ, ვინც სიაში აღარ იქნება, ძალიან ღირსეული ადგილი ექნებათ იმ სფეროში, სადაც ისინი საქმიანობას გააგრძელებენ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ყველა მიმართულებით წინ უნდა წამოსწიონ ის ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა კუთხით ახალი სიტყვის თქმა შეუძლიათ. თუმცა ჩაფიძე პროფესიების მიხედვით სიის შედგენას სწორად არ მიიჩნევს. მისი თქმით, პროფესიები გადაწყვეტილების მიღების დროს განმსაზღვრელი არ უნდა იყოს.
„პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა პროფესიის ადამიანი, რათა მათ მოიტანონ, თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე, ადამიანების სათქმელი პარლამენტის წინაშე და, რა თქმა უნდა, პარლამენტში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ხალხის წიაღიდან გამოსული ადამიანი, რომელთაც შეუძლიათ, ხალხის ხმა მიიტანონ ხელისუფლებამდე. კონკრეტული პროფესიები გადაწყვეტილების მიღების დროს განმსაზღვრელი არ უნდა იყოს, რადგან კანონის შემოქმედების პროცესში მთავარია იდეა. თვითონ ნორმის ჩამოყალიბება ეს არის ტექნიკური პროცესი, რომელიც აპარატმა უნდა უზრუნველყოს“,- აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.
რაც შეეხება თავად ელისო ჩაფიძის პოლიტიკურ მომავალს, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ის ამჯერად ფიქრობს, დარჩება პოლიტიკაში თუ რომელიმე სხვა სფეროში გააგრძელებს საქმიანობას.
„მინდა ვიყო იქ, სადაც ვიქნები უფრო ეფექტური და უფრო კარგად მოვემსახურები ჩემს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, მაქვს რამდენიმე ვერსია ჩემს მომავალთან დაკავშირებით და როდესაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ, ამას ხმამაღლა ვიტყვი“, – აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები