სასამართლომ გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე საქმე წარმოებაში მიიღო
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე როლანდ ბლადაძის სარჩელი, ხარვეზის გარეშე, წარმოებაში მიიღო,- ამის შესახებ განცხადება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმოებაში მიღებით, ფაქტობრივად, სასარჩელო მოთხოვნების სამართლიანობასა და კანონიერებას გაესვა ხაზი. სასამართლოს შეეძლო, წარდგენილი სარჩელის მიმართ ხარვეზი დაეშვა, საქმე არ მიეღო წარმოებაში, სარჩელის დასაშვებობის საკითხი განეხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თუმცა ასე არ მოხდა.
„ მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ შეძლო, დაეცვა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ინტერესები, მიუკერძოებელ გარემოში განეხილა სარჩელი და მიღო ზეგავლენისგან თავისუფალი გადაწყვეტილება. მოცემული დავის მხარეები არიან: გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, დასახელებული სამინისტროების მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.
წარდგენილი სარჩელით მოვითხოვთ ბათილად იქნას ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი ცნობილი იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად და, შესაბამისად, ბათილად იქნას ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება“,- განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 90-გვერდიან სარჩელში ყველაფერი ცალსახად მიუთითებს, რომ სახელმწიფომ, როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ასევე იუსტიციის სამინისტრომ, ბოროტად გამოიყენა უფლების მართლზომიერების პრინციპი და 2004-2007 წლებში უკანონოდ დაეუფლა კერძო საკუთრებას.
„ სახელმწიფომ 2004 წელს იცოდა, რომ როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონება შეძენილი გახლდათ 1999 წელს, ნოტარიულად კი დამოწმდა 2000 წელს. სახელმწიფომ ქონების ჩამორთმევა დააფუძნა სავარაუდო დანაშულის ნიშნებს, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება ისე, რომ არ მომხდარა საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევა. მეტიც, სახელმწიფო როლანდ ბლადაძეს ედავებოდა თანამდებობის პერიოდში, 2001-2004 წლებში უკანონო შემოსავლებს და ამ გზით ბათუმში, მაშინდელი ერას ქუჩა #37-ში ბინის შეძენას, როდესაც უძრავი ქონება შეძენილ იქნა როლანდ ბლადაძის თანამდებობაზე დანიშვნამდე. ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ხელყო კერძო მესაკუთრის უფლებები და მოვალეობები, ქონების ჩამორთმევა განხორციელდა არამართლზომიერად, დანაშაული, რომლის ჩადენასაც ედავებოდნენ როლანდ ბლადაძეს, აჭარის ა/რ პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილებით, ცალსახად არ დადასტურდა“,- აღნიშნა კაიკაციშვილმა.
კაიკაციშვილის განცხადებით, დავის მონაწილე მხარეებს 21 იანვრამდე აქვთ ვადა, რათა საკუთარი დამოუკიდებელი სასარჩელო პოზიციები წარუდგინონ სასამართლოს. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა პოზიციებს აირჩევს იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროები, დაეთანხმებიან სარჩელს თუ – არა.
„ ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის თქმით, ის აპირებს დავის ყველა მხარის წარმოდგენილი პოზიცია საჯარო გახადოს. მისი თქმით, სასამართლოს ყველა სხდომას საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორები დაესწრებიან.