თბილისში „ღორის გრიპით“ მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში 39 წლის მამაკაცი ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, პაციენტი თბილისში დასავლეთ საქართველოდან ღორის გრიპის გართულებული მდგომარეობით ჩამოიყვანეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, გრიპის გამო, 240-მა ადამიანმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებებს. აქედან, ვირუსის 37 შტამი დადასტურდა. სპეციალისტების თქმით, ეს დიდი რაოდენობა არ არის.
„წინა კვირაში გარდაცვალების ერთი შემთხვევა იყო, პაციენტი დასავლეთ საქართველოდან იყო და თბილისში გადმოყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ავადობა არის 240 შემთხვევა, 100 ათას მოსახლეზე, მათ შორის იშვიათად, მაგრამ არის მძიმე შემთხვევები. ძირითადად ეს არის მსუბუქი შემთხვევები, რა დროსაც მიმართავენ პოლიკლინიკებს. თებერვლის მეორე ნახევარში იქნება შედარებით მეტი შემთხვევა, მაგრამ ეპიდემიის ზღვარი არის 500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე, ამ ზღვარიდან ჯერჯერობით შორს ვართ,“ – განაცხადა იმნაძემ.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტში აცხადებენ, რომ H1N1 ვირუსის სიმპტომები მაღალი სიცხით და გამოხატული ინტოქსიკაციით იწყება, რასაც თან ახლავს ყელის ტკივილი და ხველა. ექიმები ვირუსის თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას გრიპის საწინააღგმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები