სერვისების განვითარების სააგენტომ და ბათუმის მერიამ მემორანდუმი გაფორმეს

ელექტრონული მმართველობის დანერგვის მიზნით, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსა და ბათუმის მერიას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს დაბა ჩაქვის ახლად გახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ხელი მოაწერეს.
სააგენტო ბათუმის მერიას ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის აწყობასა და მოქალაქეების ელექტრონულად მომსახურებაში დაეხმარება.
სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისების ელექტრონულად გაცემა “მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის” საშუალებით მოხდება.
მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ მუნიციპალური სერვისები უფრო სწრაფად და კომფორტულად მიიღონ.
გაუმჯობესდება კონტროლი გაწეული მომსახურების ვადებსა და ხარისხზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაცილებით გამჭვირვალე გახდება.
მუნიციპალიტეტში ელექტრონული მომსახურების დანერგვისათვის სერვისების განვითარების სააგენტო მერიას კომპიუტერული ტექნიკის გაუმჯობესებასა და თანამშრომლების გადამზადებაშიც დაეხმარება.
განახლდება საკანონმდებლო ბაზებიც, რომელიც მუნიციპალიტეტის ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლასთან არის დაკავშირებული. შემუშავდება სერვისების გაცემის ახლებური სქემა.
სააგენტოს ინფორმაციით, სერვისების განვითარების სააგენტო ელექტრონული მმართველობის დანერგვაში ადგილობრივ თვითმმართველობებს 9 მუნიციპალიტეტში უწევს დახმარებას. სამუშაოები პროექტის “ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში” – ფარგლებში ტარდება და წარმატებით მიმდინარეობს ახმეტაში, ყვარელში, ხაშურში, ქალაქ გორში, მცხეთაში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ქარელსა და ხობში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები