თამბაქოს პროდუქცია გაძვირდა

2016 წლის 1-ელი იანვრიდან საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ამოქმედების შედეგად, თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთი ფიქსირებული 20 თეთრით და ღირებულების 5%-ით გაიზარდა. დღეისათვის, აქციზის განაკვეთის ზრდის გამო თამბაქოს პროდუქციაზე ფასები 28-დან 35 თეთრამდე უკვე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ აქციზის ზრდა სხვადასახვა ღირებულების სიგარეტზე სხვადასხვანაირად აისახა, კერძოდ, თუ სიგარეტის კოლოფის ღირებულება 1.5 ლარს შეადგენდა, მისთვის აქციზის განაკვეთი 28 თეთრით გაიზარდა, 2 ლარიანი სიგარეტის შემთხვევაში – 30 თეთრით, 2.5 ლარიანი სიგარეტის შემთხვევაში – 33 თეთრით და 3 ლარიანი სიგარეტის შემთხვევაში – 35 თეთრით.
როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, ზოგიერთი საცალო გაყიდვის პუნქტის მიერ თამბაქოს პროდუქციაზე ფასების მკვეთრი ზრდა, აქციზს არ უკავშირდება.
თუმცა, სავაჭრო ჯიხურებში აცხადებენ, რომ აქციზის განაკვეთის ზრდა სიგარეტის ღირებულებაზე ახალი წლის პერიოდში უკვე აისახა. ზოგიერთი მაღაზია გარკვეული დასახელების თამბაქოს ნაწარმს ჯერ კიდე ძველი ფასით ჰყიდის, თუმცა გამყიდველები ფასების მომატებას აღნიშნულ სიგარეტებზეც ელოდებიან.
საქართველოს პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით 11 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, აქციზის ფიქსირებული განაკვეთი 2016 წლის 1-ლი იანვრიდან გაიზარდა.
აღნიშნული ცვლილებები მთავრობამ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებით, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებითა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით ახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები