„პოლიტიკური პატიმრის“ სტატუსით გათავისუფლებული პირები გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ
„პოლიტიკური პატიმრის“ სტატუსით გათავისუფლებული პირები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2012 წლის 28 დეკემბერს გათავისუფლებული პირები სამართლიანობის აღდგენას, მათი განაჩენების გადახედვას და შესწავლას ითხოვენ. ყოფილი პატიმრები გიორგი კვირიკაშვილს სთხოვენ, რომ სწორედ მათი საქმეების შესწავლის შემდეგ უნდა მოხდეს მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესი.
„მოგმართავთ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე „პოლიტიკური პატიმრის“ სტატუსით გათავისუფლებული პირები გათავისუფლების დღიდან ვცდილობთ სამართლიანობის აღდგენას.
არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს მიმართ დადგენილი უკანონო და უსამართლო განაჩენები შესწავლილი და გადახედილი იქნას, რათა სწორედ სამართლებრივი გზით მოხდეს ჩვენს მიმართ ინკრიმინირებული დანაშაულებთან დაკავშირებული სიყალბეების გამოაშკარავება. ჩვენი გათავისუფლების შემდეგ ჩვენი სრულყოფილი რეაბილიტაციისათვის არათუ არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი, სამართლებრივი გზით დაგვემტკიცებინა ჩვენს საქმეებში პოლიტიკური მოტივების არსებობის, არამედ პირიქით, სისტემატურად ვხდებით ლანძღვისა და ტალახის სროლის ობიექტები სხვადასხვა მარგინალური პირებისა და ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თითქოს ჩვენთვის პოლიტპატიმრობის სტატუსის მონიჭების საფუძველი კორუფცია და საქმის ჩაწყობა იყო.
არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩვენ ვერ მივაღწიეთ ამ საკითხებზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დანიშვნას. აღნიშნულის გამო იძულებული ვართ მოგმართოთ თქვენ, როგორც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს, რათა თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს შეხვდეთ ჩვენს წარმომადგენლებს, რომლებიც გაგაცნობენ ჩვენს პოზიციას აღნიშნულ პრობლემაზე, გაგიზიარებენ თავიანთ მოთხოვნებს და მომავალი მოქმედების გეგმებს“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ყოფილი პოლიტპატიმრები აწერენენ: ლევან ჩაჩუა, თორნიკე მოლაშვილი, ზაალ ჟვანია, რამაზი ღვალაძე, ზაზა გვიმრაძე, რატი მაისურაძე, ჯემალ გუნდიშვილი, ოლეგ კეშელავა, შოთა იამანიძე, ნანა თხელიძე, გიორგი გაბედავა, ივანე ჩიღვინაძე და სხვები.