მიხეილ ჯანელიძე გერმანიის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბეტინა კადენბახს შეხვდა.
მიხეილ ჯანელიძემ დადებითად შეაფასა საქართველო-გერმანიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში.
მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ სამომავლოდ ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალის გამოყენება მნიშვნელოვანია, რაც საქართველოს მიმართ გერმანიის საქმიანი წრეების ინტერესის გაზრდასა და ქვეყანაში გერმანული ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. ამ კონტექსტში მინისტრი გერმანიის ფედერალური მთავრობის ძალისხმევას მიესალმა, კონკრეტული პროექტების მეშვეობით ხელი შეუწყოს ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებასა და ცალკეულ სფეროებში გერმანული მხარის გამოცდილების გაზიარებას.
მიხეილ ჯანელიძე იმედოვნებს, რომ გერმანია შემდგომშიც აქტიურად და ეფექტიანად დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წარმატებით რეალიზაციას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბეტინა კადენბახმა კიდევ ერთხელ გამოხატა გერმანიის მთავრობის მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ეკონომიკის მიმართულებით. ამასთან, ელჩმა კვლავ დაადასტურა ბერლინის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების კურსის, დასავლეთთან ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის აღნიშვნისა და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობის საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები