ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერს, სავარაუდოდ, 20 იანვრამდე შეხვდება

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მზაობას, შეხვდეს ოპოზიციას, დადებითად აფასებს და იმედს იტოვებს, რომ პრემიერი შექმნილ ვითარებას ადეკვატურად აღიქვამს.
როგორც ნაჭყებიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ოპოზიცია პრემიერს 2 საარჩვენო ინიციატივას წარუდგენს, რომელთა მიღებასაც, მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება. ნაჭყებიას განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი ინტერპარტიულ ჯგუფს, სავარაუდოდ, 20 იანვრამდე შეხვდება.
„გიორგი კვირიკაშვილმა პირველივე თხოვნაზე გამოთქვა მზაობა, რომ შეხვდეს ოპოზიციას, თვითონ ეს ფაქტი უკვე ძალიან პოზიტიურია. ჩვენ მას მივაწვდით ინფორმაციას არა მხოლოდ განვლილ პროცესებთან დაკავშირებით, თუ რასთან გვქონდა საქმე სამი წლის განმავლობაში, არამედ იმაზეც, თუ რას ვთავაზობთ. ჩვენ გვაქვს ორი წინადადება, რომელიც არ ითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ცვლის საარჩევნო სისტემას უკეთესობისკენ. ამ ცვლილებებს აქვს პრაქტიკულად მთელი პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერაც. პრემიერთან შეხვედრა, სავარაუდოდ, 20 რიცხვამდე შედგება. გარდა ამისა, იანვრის ბოლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის დელეგაციების ვიზიტი იგეგმება. ეს წარმომადგენლობა წარადგენს ჩვენს ხედვებს და ინიციატივებს და ამის შესახებ უკვე ჩვენგან გაიგებს ევროკავშირიც, ევროსაბჭოც და ყველა ის სტრუქტურა, რომელიც, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ადეკვატურად აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას“,- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები