შს მინისტრი: ბრძოლა დანაშაულთან იქნება შეურიგებელი

ბრძოლა დანაშაულთან იქნება შეურიგებელი, შეუვალი და ჩვენ ერთად ამ გზაზე აუცილებლად წარმატებულები ვიქნებით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ახალი მოადგილეები წარადგინა.
შს მინისტრის თქმით, არანაირი შეღავათი, მოწოდება და თხოვნა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, არ იქნება გათვალისწინებული, როდესაც საქმე სამართალდამრღვევს და დამნაშავეს შეეხება.
“დანაშაული არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, მაგრამ მთავარია, სახელმწიფო რას უპირისპირებს დანაშაულს – ჩვენ ვუპირისპირებთ შეუწყნარებელ პოლიტიკას. ჩვენი მიზანია დანაშაულთან ბრძოლაში უფრო ეფექტური შედეგები და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრება.
ხაზგასმით ვაცხადებ – არანაირი შეღავათი, არანაირი მოწოდება და თხოვნა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, არ იქნება გათვალისწინებული, როდესაც საქმე გვაქვს სამართალდამრღვევთან და დამნაშავესთან. მიუხედავად კრიმინალთა დამცველების მხრიდან პოლიციის მიმართ გაჟღერებული ინსინუაციებისა, პოლიცია არცერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს. იგი იმოქმედებს კანონის და ადამიანის უფლებების სრული დაცვით და გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას დანაშაულთან.
ნებისმიერი პირი, რომელიც არ დაემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და გამოხატავს უპატივცემულობას პოლიციელისადმი, პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით. მე, როგორც შს მინისტრი, ვაცხადებ, ბრძოლა დანაშაულთან იქნება შეურიგებელი, შეუვალი და ჩვენ ერთად ამ გზაზე აუცილებლად წარმატებულები ვიქნებით“, – განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები