მეჭიაური – მარგველაშვილზე: ის სულ უკმაყოფილოა, არ მესმის, თუ ხელი მოაწერა, რაღას წუწუნებს

„არ მესმის, თუ ხელი მოაწერა, მაშინ რაღას წუწუნებს. ის სულ უკმაყოფილოა და, რა ვქნათ, ახლა?!“, – ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას, საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოთქმული უკმაყოფილების საპასუხოდ გააკეთა.
მისივე თქმით, აღნიშნულ კანონში ბევრი რამ თავადაც არ მოსწონს, თუმცა უმრავლესობის პოზიციას დაემორჩილა.
„გაუგებარია მარგველაშვილის განცხადება საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით. არ მესმის, თუ ხელი მოაწერა, მაშინ რაღას წუწუნებს. რამე უკეთესი შემოგვთავაზა? ის სულ უკმაყოფილოა და რა ვქნათ ახლა. მას ადრევე ჰქონდა წამოწყებული ეს კამპანია და არ მინდა, ახლა ამაზე კომენტარი ვაკეთო. მას ჰკითხეთ, ჯობია. მეც არ მომწონს ბევრი რამ ამ კანონში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთი კანონია, რომელიც ჩიხში არ შეიყვანს სიტუაციას. ჩემი აზრითაც შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო, თუმცა მე სრულიად სხვა მიმართულებით მგონია შესაცვლელი“,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ არ მოსწონდა კანონი, ხმა რატომ მისცა, მეჭიაურმა ასე უპასუხა: „თუ მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას არ მიიღებდა და რაღაცაზე არ შეჯერდებოდა, სიტუაცია გამოუვალი იქნებოდა. შეჯერდა იმაზე, რაზეც უმრავლესობა იყო თანახმა და მეც დავემორჩილე ჩვენი მმართველი გუნდის პოზიციას“,-აღნიშნა დეპუტატმა.
გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა, თუმცა უკმაყოფილება არ დამალა და განაცხადა, რომ „ეს არანაირად არ არის ის საარჩევნო რეფორმა,რომელზეც წლება ვოცნებობთ“,-განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები