ალექსიძის ქუჩაზე მშენებლობის პროექტის დარღვევისთვის ერთ-ერთი კომპანია 4 ათასი ლარით დაჯარიმდა
ალექსიძის #1 ნომერში მშენებლობის პროექტის დარღვევისთვის კომპანია “აპექს ჯგუფი“ 4 ათასი ლარით დაჯარიმდა.
თბილიის მერიის ინფორმაციით, პროექტის დარღვევისთვის სამშენებლო კომპანიას ჯარიმა უკვე დაეკისრა. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიამ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს და პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.
“გარდა ამისა, აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა ზონალური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც, პროექტის ავტორებთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე სამშენებლო კომპანიას უარი ეთქვა კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით და მიეცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია “აპექს ჯგუფმა” უნდა შეიმუშაოს საინვესტიციო წინადადება, სადაც როგორც ინვესტორის, ასევე მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ ალექსიძის #1-ში დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანებული სივრცის, სკვერის გაშენება”, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს, აღნიშნულ საკითხზე ადგილობრივი მოსახლეობის, კერძო ინვესტორისა და დეველოპერული კომპანიის ჩართულობით, ღია დისკუსია გამართოს.