მერკელი – დანაშაულის ჩამდენი მიგრანტების დეპორტაცია უნდა მოხდეს
გერმანიამ კიდევ ერთხელ უნდა განიხილოს მიგრანტების დეპორტაციის შესაძლებლობა, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. კანცლერმა ეს განცხადება ქალაქ კიოლნში ახალი წლის ღამეს ქალებზე მასობრივი თავდასხმის საპასუხოდ გააკეთა.
პოლიციაში სექსუალური ძალადობის შესახებ ასზე მეტი განცხადება შევიდა. „ასეთი საზარელი დანაშაულის ჩადენა ჩვენს ქვეყანაში ყოვლად დაუშვებელია. წარმოიდგინეთ, რას გრძნობდნენ ეს ქალები – დაუცველები, ბედის ანაბარად მიტოვებულები“, – განაცხადა მერკელმა.
რამდენიმე დღის წინ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ლტოლვილის სტატუსის ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც თავდასხმებში მონაწილეობდა, დეპორტირებული იქნება. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელები წარმოშობით, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან არიან.