აშშ-მ შესაძლოა, კორეის ნახევარკუნძულზე სამხედროების რაოდენობა გაზარდოს
სეული და ვაშინგტონი კორეის ნახევარკუნძულზე ამერიკული შეიარაღებული ძალების და სტრატეგიული დანიშნულების საშუალებების განთავსების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.
ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აცნობა.
ამასთანავე, სამხედრო მაღალჩინოსნმა არ დააკონკრეტა, რა ტიპის სტრატეგიულ ძალებზეა საუბარი.
ოთხშაბათს ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტის დადასტურება დამოუკიდებელი წყაროებით არ მომხდარა, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ამ განცხადებას საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ.
ფხენიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მისი მეზობლების – იაპონიის და სამხრეთ კორეის მწვავე რეაქცია მოჰყვა. სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა ხან მინ გუმ განაცხადა, რომ სეული ჩრდილოთ კორეის საზღვრის გასწვრივ დინამიკებით პროპაგანდისტულ მაუწყებლობას განაახლებს. დემილიტარიზებულ ზონაში ამ მაუწყებლობამ შარშან ორ კორეას შორის სერიოზული დაძაბულობა გამოიწვია. საქმე ორმხრივ საარტილერიო ცეცხლამდეც კი მივიდა.