ლიბიაში ტერაქტის შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა
ლიბიაში, პოლიციელების მომზადების ბაზაზე აფეთქების შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ტერორისტული აქტი ქალაქ ზლიტანში მოხდა. ლიბიაში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მარტინ კობლერის ინფორმაციით, ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ტრიპოლიში განთავსებული ლიბიის მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილები ლიბიის დედაქალაქის და მისურატის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ცნობისთვის – ლიბია დღეს, ფაქტობრივად, ორ ნაწილად არის გაყოფილი. დეკემბერში მხარეებმა ერთიანი მთავრობის ფორმირების ხელშეკრულება გააფორმეს, მაგრამ ის დღემდე არ ამოქმედებულა.