გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი კიოლნის პოლიციის მუშაობას აკრიტიკებს
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა მკაცრად გააკრიტიკა ქალაქ კიოლნის პოლიციის მუშაობა, რომელიც ახალი წლის ღამეს ქალების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ფაქტებს იძიებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. „პოლიციამ უკეთესად უნდა იმუშაოს“, – ამბობს მეზიერი.
ეს განცხადება მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაირკვა, რომ 1000 თავდამსხმელიდან მხოლოდ სამის ამოცნობა მოხერხდა. მთლიანად კიოლნის პოლიციაში სექსუალური ძალადობის შესახებ დაახლოებით 100 განცხადება შევიდა.
ინციდენტის უდიდესი ნაწილი კიოლნის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურთან მოხდა. თვითმხილველებიც და პოლიციაც აცხადებს, რომ თავდამსხმელები არაბული ან ჩრდილოეთ აფრიკული გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცები იყვნენ. თავდასხმები და სექსუალური ძალადობის ფაქტები ქალების წინააღმდეგ კიოლნში ახალი წლის ღამეს მოხდა. პოლიციამ სიტუაციის გაკონტროლება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შეძლო.