„ლარის კურსი 2.41-ს არ უნდა შეადგენდეს, კურსი 2.15- 2.20-მდე უნდა იყოს“

“ეროვნულ ბანკს რომ 2012 წლის შემდეგ არ შეეცვალა პოლიტიკა და სრული მხარდაჭერა არ გამოეცხადებინა სამომხმარებლო სესხების მიმართ, ჩვენ დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს დავზოგავდით. თუ ეროვნული ბანკი შეასრულებს სავალუტო ფონდის რეკომენდაციას, დარწმუნებული ვარ, კურსის სტაბილიზაცია მოხდება და ის არ იქნება 2.41. კურსი 2.15-2.20-მდე შუალედს უნდა შეადგენდეს“, – აღნიშნული განცხადება „20/30“-ის წევრმა მიხეილ დუნდუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
დუნდუას განცხადებით, საქართველოში იპოთეკური სესხები უცხოურ ვალუტაშია ჩვენთან ფიქსირებული, მაშინ, როდესაც არ შეიძლება სავალუტო რისკისგან დაუზღვეველ მოსახლეობას სესხი უცხოურ ვალუტაში მიეწოდოს.
„სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, არ შეიძლება სავალუტო რისკისგან დაუზღვეველ მოსახლეობას უცხოურ ვალუტაში მიეწოდოს სესხი. იპოთეკური სესხები სწორედ უცხოურ ვალუტაშია ჩვენთან ფიქსირებული. სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, არ შეიძლება სამომხმარებლო სესხის მომსახურება აღემატებოდეს ყოველთვიურ შემოსავალს. მაგალითად, არ შეიძლება შემოსავლის ნახევარზე მეტი ხმარდებოდეს სესხის მომსახურებას. საბოლოო ჯამში, რეკომენდაციების გათვალისწინება გამოიწვევს იმას, რომ მნიშვნელოვნად, დაახლოებით 40%-ით შემცირდება სამომხმარებლო სესხი, რაც საბოლოო ჯამში, ერთი წლის განმავლობაში მილიონი დოლარის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს”, – განაცხადა დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები