პოეტ ნიკო სამადაშვილის შვილმა ნუგზარ სამადაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას მამის არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი გადასცა
პოეტ ნიკო სამადაშვილის შვილმა ნუგზარ სამადაშვილმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას მამის არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი, ხელნაწერი ლექსები, წერილები, სხვადასხვა ტიპის ჩანაწერები გადასცა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომლებმა: დარეჯან თეთრაშვილმა და თამარ ხიზამბარელმა პოეტის შემოქმედების ტექსტური ბიბლიოგრაფიის ციფრული ვერსია მოამზადეს (ბმული იხილეთ კომენტარში). უახლოეს მომავალში მათივე მომზადებული კრებული დაიბეჭდება, რომელიც ნიკო სამადაშვილის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს მიეძღვნება. კრებულს დართული ექნება ფოტოები და ბიბლიოგრაფია.
„ნიკო სამადაშვილი იყო უკომპრომისო ადამიანი პოეზიაშიც და ცხოვრებაშიც. ჩვენ დავიცავთ და გავუფრთხილდებით მის არქივს“, – აღნიშნა ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ.