„ეროვნული ბანკის საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებულმა წევრებმა უნდა დატოვონ“

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტამდე საბჭოს წევრების ცვლილება უნდა განხორციელდეს, რამდენიმე წევრს ეწურება ვადა. ძალიან კარგი იქნება, თუ საბჭოს პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები დატოვებენ და მათ ჩაანაცვლებენ პროფესიონალიზმით და წარსულით გამორჩეული ნეიტრალური ადამიანები, რომლებშიც არავის შეეპარება ეჭვი, რომ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან კავშირში არიან“, – აღნიშნული განცხადება საზოგადოება „2030“-ის წევრმა მიხეილ დუნდუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
დუნდუა მიიჩნევს, დღეს მოქმედი საბჭო ისეა დაკომპლექტებული, რომ მასში ნეპოტიზმის ფაქტებს შეხვდებით.
როგორც ეკონომისტი მიხეილ დუნდუა აცხადებს, საბჭო ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ წევრებს შორის გარიგების, ხელის დაფარების ფაქტორი გამოირიცხოს.
„ეროვნული ბანკის საბჭო ისეა დაკომპლექტებული. რომ მასში ძლიერია ნეპოტისტური კავშირები, 2 არაპროფესიონალი წევრია, ისინი არ არიან ეკონომისტები და ფინანსისტები, ეს ცუდია. ჯანყარაშვილი და ქადაგიძე არიან უახლოესი ნათესავები… საბჭო ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ წევრებს შორის არ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტი, გარიგების, ხელის დაფარების ფაქტორი გამოირიცხოს. იყოს გამჭვირვალე ქვეყნის და საზოგადოების წინაშე“,- განაცხადა დუნდუამ.
რაც შეეხება საბჭოს წევრების დამტკიცებას, დუნდუას თქმით, მართალია მათ წარადგენს პრეზიდენტი, მაგრამ მათ ამტკიცებს პარლამენტი და, შესაბამისად, ამით პასუხისმგებლობას იღებენ მათ საქმიანობაზე, ამიტომაც დუნდუა მიიჩნევს, რომ კანდიდატების წარდგენამდე პრეზიდენტმა პარლამენტთან კონსულტაციები უნდა გამართოს.
„ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტს შესაბამისი ხედვა, პროგრამა, პრინციპები, პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები უნდა გააჩნდეს, რომელსაც საჯაროდ პარლამენტთან, პრეზიდენტთან, საზოგადოებასთან წარმოადგენს და ამ დასკვნის საფუძველზე მოიწონებენ ან არ მოიწონებენ მას“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები