„მურუსიძე თურმე მსხვერპლი ყოფილა, შეუძლებელია, გირგვლიანი და მურუსიძე – ორივე მსხვერპლი იყოს“

დეპუტატ ანი მიროტაძისთვის ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნა მიუღებელია. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, თანამდებობაზე „შერჩეულნი უნდა ყოფილიყვნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც სინდისის, მორალის და სამართლის სადარაჯოზე იქნებოდნენ და არა ისეთები, როგორიც მურუსიძეა“. დეპუტატი მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები მისაღებია.
მიროტაძისთვის გაუგებარი აღმოჩნდა იუსტიციის იმ სამი წევრის პოზიცია, რომელიც უმრავლესობამ აირჩია და რომელთაც მხარი მურუსიძის კანდიდატურას დაუჭირეს. ხელისუფლების წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ მურუსიძე წინა ხელისუფლების რეჟიმის არა მსხვერპლი, არამედ, რეჟიმის ნაწილი იყო.
„იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები მისაღებია. თავის დროზე, როდესაც იუსტიციის საბჭოს სამ წევრს მხარი დავუჭირეთ და ნდობის მანდატი მივეცით, ეს მანდატი იყო სამართლიანობისთვის, თითოეული მოქალაქის სამართლიანობის დაცვისთვის ქვეყანაში. უნდა ყოფილიყვნენ შერჩეულნი ისეთი მოსამართლეები, რომლებიც იქნებოდნენ სინდისის, მორალის და სამართლის სადარაჯოზე და არა ისეთები, როგორიც არის მურუსიძე.
მოვისმინე განცხადება, რომ მურუსიძე თურმე მსხვერპლი ყოფილა. შეუძლებელია გირგვლიანი და მურუსიძე – ორივე მსხვერპლი იყოს. გირგვლიანი არის მსხვერპლი, მურუსიძე არის რეჟიმის ნაწილი. ამ ქვეყანაში შეიძლება რიგით პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ექიმებს… შესაძლოა, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, გადაწყვეტილებები მიეღოთ, ისინი შეიძლება განვიხილოთ რეჟიმის მსხვერპლად, მაგრამ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ქმნიდნენ სამართალს, არ არიან რეჟიმის მსხვერპლნი.
იუსტიციის საბჭოს ჩვენ მიერ არჩეული წევრები აცხადებენ, რომ მურუსიძე ნდობის მაღალი მანდატით სარგებლობს მოსამართლეებში, ეს მეორე სრულიად გამაოგნებელი ფაქტია. იმ ქვეყანაში, სადაც წლების განმავლობაში 0,2 მეასედი იყო გამამართლებელი განაჩენი, ეს მოსამართლეები იყვნენ მაშინ. მე თვითონ არ მაქვს ამ მოსამართლეების მიმართ ნდობის მაღალი ხარისხი, ამიტომ არ გამოდგება არგუმენტად ის, რომ მურუსიძეს თურმე მაღალი რეიტინგი აქვს მოსამართლეებში“,- აცხადებს ანი მიროტაძე.
დეპუტატის განმარტებით, უმრავლესობის წევრებს მოუწევთ, კონსულტაციები გამართონ და მათ მიერვე დაშვებული შეცდომა გამოასწორონ. მიროტაძის განცხადებით, შესაძლოა, უმრავლესობა მათ მიერ არჩეულ საბჭოს სამ წევრს შეხვდეს და მათგან ის არგუმენტები მოისმინონ, რომელთა გამოც მათ მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას მხარი დაუჭირეს.
„უმრავლესობას მოგვიწევს შეკრება და კონსულტაციები იმაზე, როგორ გამოვასწოროთ ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომა. მე არასოდეს აზრად არ მომივიდოდა, რომ ჩემ მიერ ნდობაგამოცხადებული წევრი მურუსიძის არჩევას დაუჭერდა მხარს, მაგრამ ყველანი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. მე ვგრძნობ პირად პასუხისმგებლობას, ძალიან მინდა ჩვენ მიერ არჩეული სამი წევრი მოვიწვიოთ და მათგან გავიგოთ იმ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი რა არის. გაჟღერებული მიზეზი არგუმენტად ვერ გამოდგება“,- განაცხადა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები