წყალმომარაგების პრობლემის გამო, გუდაური ტურისტებს კარგავს

წელს გუდაურში ტურისტების რაოდენობა, შარშანდელ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა სასტუმროების უმეტესობას წყალმომარაგების პრობლემები აქვს. “კვირასთან“ საუბრისას სასტუმროების მეპატრონეები აცხადებენ, რომ სამთო-სათხილამურო კურორტს უკვე მეექვსე დღეა, წყალი ფაქტობრივად არ მიეწოდება. მათი თქმით, წყალი დღის გარკვეულ მონაკვეთში მოდის, თუმცა – ისიც ძალიან დაბალი წნევით. სასტუმროს მეპატრონეები ამბობენ, რომ წყალმომარაგების შეფერხება გუდაურში ახალი არ არის, თუმცა, მათი თქმით, მას შემდეგ, რაც კურორტს ხელოვნური გათოვლიანების სისტემა დაემატა და “ახალი გუდაურის პროექტის“ ფარგლებში სასტუმროების რაოდენობამ იმატა, წყლის მიწოდების პრობლემამ უფრო მწვავედ იჩინა თავი.12468069_434858130053709_1255635268_n
გენადი წიკლაური, რომელიც გუდაურში სასტუმროებს – “ბახტრიონსა“ და „ფრირაიდერს“ ფლობს, “კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ წყალმომარაგების პრობლემის გამო სასტუმროს ოთხი ნომრიდან დამსვენებლები წავიდნენ. სასტუმროს მეპატრონე არ გამორიცხავს, რომ წყლის არარსებობის გამო სასტუმროებში დამსვენებლების მიღება შეაჩეროს. “გუდაურში ტურისტების რაოდენობა, შარშანდელ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა და, შესაბამისად, სასტუმროებიც დატვირთულია. ამ ფონზე, უკვე მეექვსე დღეა, წყალი არც დილით მოგვეწოდება და არც საღამოს. დღის განმავლობაში თუ მოვიდა, წნევა არ აქვს. სასტუმროს ოთხი ნომრიდან დამსვენებლები უწყლობის გამო წავიდნენ. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, ტურისტების მიღებაზეც უარის თქმა მოგვიწევს. როცა ადამიანი თანხას იხდის სასტუმროში და მას ელემენტარულს – წყალს ვერ აწვდი, ცხადია, აღარ დარჩება ნომერში. გასულ წლებშიც ყოფილა წყლის მოწოდების პრობლემები, მაგრამ არა იანვარში და არა ასეთი სიმწვავის. შესაბამისი სამსახურები წელსაც მოუმზადებელნი შეხვდნენ სეზონს – ახალი გუდაურის პროექტის ფარგლებში სასტუმროების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა წყლის სათავე ნაგებობაზე არაფერი შეცვლილა და არც დამატებითი წყალსადენები გაუკეთებიათ. ფაქტობრივად ძველი ქსელების ხარჯზე მარაგდება აღნიშნული სასტუმროებიც. ჩვენ ვამბობდით, რომ წყლის მოწოდების პრობლემა გაჩნდებოდა, მაგრამ ჩვენი პროგნოზი საგანგაშოდ არ მიიჩნიეს. სამწუხაროდ, არ უსმენენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ სფეროში გამოცდილება აქვთ. დილეტანტების გაკეთებული საქმე კი უკუეფექტს იძლევა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა წყლის კომპანიის და ასევე გუდაურის განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან. დამაიმედებელი პასუხები გაგვცეს, თუმცა ფაქტია, წყალი ისევ არ გვაქვს, მყისიერი რეაგირებაა საჭირო, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა გუდაურში წელს არნახულად ბევრი ტურისტია “,- განაცხადა “კვირასთან“ საუბრისას გენადი წიკლაურმა.12483510_434858753386980_34977431_n
წყლის მიწოდების პრობლემების გამომწვევ ანალოგიურ მიზეზებს ასახელებს გუდაურში საოჯახოს ტიპის სასტუმროს მფლობელი რეზო ზუკაკიშვილიც. “გრაფიკიც აღარ ჰქვია იმას, რა პერიოდულობითაც წყალი მოდის, დამსვენებლები მყავს, რომლებმაც ზაფხულში დაჯავშნეს ოთახი, ჩამოვიდნენ იმ მოლოდინით, რომ კარგად დაისვენებდნენ და შესაბამისი პირობები დახვდებოდათ, მაგრამ წყალი რომ არ არის, ეს რამხელა სტერსია ჩვენთვისაც და მათთვისაც, ალბათ გესმით. დილა – საღამოს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ სადამდე?! თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი, რა გვეშველება. ახალი გუდაურის პროექტი რომ გაკეთდა, მარტო სასტუმროების აშენება დაიწყეს, კომუნიკაციები და წყლის სისტემები კი ფაქტობრივად ხელუხლებელი დარჩა, ამას დაემატა ხელოვნური გათოვლიანებისთვის საჭირო წყალი და, საბოლოო ჯამში, ჩვენ დავზარალდით“, აცხადებს რეზო ზუკაკიშვილი. სასტუმროების მეპატრონეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები