დიმიტრი ხუნდაძე, მურუსიძის მოსამართლედ არჩევის გამო, გირგვლიანების ოჯახს ბოდიშს უხდის
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევის საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
დეპუტატი ლევან მურუსიძის არჩევის გამო პასუხისმგებლობას თავადაც გრძნობს, რადგან მან მხარი იმ პარლამენტში იმ მოსამართლეებს დაუჭირა, რომელნიც მოგვიანებით მურუსიძის არჩევას მიემხრნენ.
ხუნდაძის განცხადებით, მურუსიძის მოსამართლედ არჩევა მორალურ სტანდარტებში არ ჯდება. პარლამენტის წარმომადგენელმა მურუსიძის გამო გირგვლიანების ოჯახს ბოდიში მოუხადა.
„ამ გადაწყვეტილებით პირად პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან იმ მოსამართლეებს, რომლებმაც ხმა მისცეს მურუსიძეს, პარლამენტში ჩემი ხმა ეკუთვნოდათ.
„ნაციონალური მოძრაობის“ სისტემის მსხვერპლი იყო ბევრი ადამიანი, არ გამოვრიცხავ, რომ სისტემის მსხვერპლი ყოფილიყო მურუსიძეც, მაგრამ ვფიქრობ, სწორედაც რომ მოსამართლეებს არ აქვთ უფლება, რომელიმე სისტემის მსხვერპლნი იყვნენ. ამ შემთხვევაში, სწორედ ეს არის უსამართლობა, მოსამართლეს უფლება არ აქვს, იყოს უსამართლობის მსხვერპლი. მურუსიძის დანიშვნა მორალურ-ზნეობრივ სტანდარტში არ ჯდება. მე მინდა გირგვლიანების ოჯახს ბოდიში მოვუხადო, რამეთუ მეც ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რადგან ჩემი ხმა ეკუთვნოდათ მოსამართლეებს, რომელთაც მურუსიძეს დაუჭირეს მხარი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.