“ბავშვის ფსიქიკა არ არის მზად მუდმივი შეფასებისთვის, ლაიქებისთვის; როდესაც ბავშვი სწავლობს, რომ მისი ღირებულება იზომება ნახვებითა და მოწონებით, იზრდება შფოთვის რისკი” – პედიატრი

“როგორც ექიმ-პედიატრი, ყოველდღიურ პრაქტიკაში ვხედავ, რამდენად ფაქიზი და მოწყვლადია ბავშვის ფსიქიკა”, – ამის შესახებ პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“სწორედ ამიტომ მიმაჩნია საჭიროდ საუბარი იმ ტენდენციაზე, რომელიც სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად გვხვდება — როცა ბავშვი იქცევა არა მხოლოდ გასართობად, არამედ შემოსავლის წყაროდ. ბავშვის ფსიქიკა ჯერ არ არის მზად მუდმივი შეფასებისთვის, ლაიქების, კომენტარებისა და აუდიტორიისთვის. როდესაც ბავშვი სწავლობს, რომ მისი ღირებულება იზომება ნახვებითა და მოწონებით, იზრდება შფოთვის, თვითშეფასების დარღვევისა და ემოციური გადაღლის რისკი.

ბავშვს არ შეუძლია, სრულად გააცნობიეროს, რას ნიშნავს საკუთარი პირადი ცხოვრების საჯაროდ გამოტანა. მას არ აქვს რეალური შესაძლებლობა თქვას უარი და დაიცვას საკუთარი საზღვრები. განსაკუთრებით საყურადღებოა, როცა ვიდეოები იდება ყოველდღიურად, მაშინაც კი, როცა ბავშვი დაღლილია, უხასიათოდაა ან უბრალოდ არ სურს კამერის წინ ყოფნა. ასეთ დროს პროცესი უკვე სცდება თამაშის ფარგლებს და ემოციური ექსპლუატაციის ნიშნებს იძენს.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს:

ბავშვობა არ არის სცენა.

ბავშვი არ არის ბრენდი.

ბავშვი არ არის კონტენტი. თუ ბავშვი მონაწილეობს სოციალურ სივრცეში, ეს უნდა იყოს იშვიათი, ნებაყოფლობითი და უსაფრთხო პროცესი, ასაკისთვის შესაფერისი ფორმით, სადაც დაცულია მისი ღირსება, პირადი სივრცე და ემოციური კეთილდღეობა.

ჩვენ, უფროსებს, გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ ბავშვების ფსიქიკა დღეს, რათა მომავალში მათ არ მოუხდეთ საკუთარი ბავშვობის „გამოსწორება“. ეს არის მხოლოდ რჩევა, არჩევანი უნდა გააკეთოთ თქვენ!!! მე მიყვარს ბავშვები და ვცდილობ, სრულიად დაცული იყოს მათი თუნდაც ერთი, უმნიშვნელო ემოცია(თუმცა, არ არსებობს ბავშვის უმნიშვნელო ემოცია), რომელიც უსათუოდ აისახება მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომავალში”, – წერს პედიატრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები