ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 7 ერთეული სპეცტექნიკა, რომელიც დღისა და ღამის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით გზების გაწმენდას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
უხვი ნალექის გამო გადაადგილების პრობლემა იყო რამდენიმე ტერიტორიულ ერთეულში, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები ოპერატიულად მიმდინარეობდა კონჭკათის, თხინვალის, ნატანების, შრომის, ბახვის, ვაკიჯვრის, ჭანიეთის, დაბა ნარუჯის, ლიხაურის, ნაგომრის, მელექედურისა და ძიმითის მიმართულებით.
ამ დროისთვის იწმინდება დაბა ლაითურის საავტომობილო გზა. სამუშაო პროცესში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, უშუალოდ ჩაერთო. დღის ბოლომდე სატრანსპორტო მოძრაობა ყველა სოფელში აღდგება.
უხვი ნალექისა და გადაუღებელი თოვის გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც შეიქმნა, თუმცა სოფლების უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. მერაბ ჭანუყვაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ყველა რესურსს იყენებს პრობლემის აღმოსაფხვრელად და მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემები არ შეექმნას. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები დაზიანებულ უბნებზე ამ წუთებშიც მუშაობენ.