შიო ხეცურიანმა მცხეთის მუნიციპალიტეტს კომპიუტერული ტექნიკა პირადად გადასცა (ვიდეო)
ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროექტის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზურაბ აბესაძესა და სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს, კობა არაბულს 20 კომპიუტერი და ორი პრინტერი პირადად გადასცა.
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს, სახელწოდებით: „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში”.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შერჩეულია ცხრა საპილოტე მუნიციპალიტეტი (მცხეთა, ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი, ყვარელი, ქალაქი გორი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ), სადაც საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისების გაცემა ელექტრონულ ფორმატში მოხდება.
აღნიშნული სისტემების დანერგვის საშუალებით გაწეულ მომსახურებაზე კონტროლი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, მომსახურების მიღების ვადები შემცირდება და გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება. აღნიშნული აქტივობა ხორციელდება პროექტის – „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით” ფინანსური მხარდაჭერით და ცხრავე საპილოტე მუნიციპალიტეტს, ჯამში, 155 კომპიუტერი და 78 პრინტერი გადაეცემა.