„აჭარის მწვანეთა მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს

ორგანიზაცია “აჭარის მწვანეთა მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბათუმის ბულვარის კონცეფციის შექმნა არაკომპეტენტურ კომპანიას დაავალა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილმა კონცეფციამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა და დაპირისპირება გამოიწვია.
“აჭარის მწვანეთა მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ კონცეფცია საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით უნდა შეიქმნას.
“მიმართვა ეხება საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ბათუმის ბულვარი და ვისთვისაც ბულვარი, ქართული კულტურის და ისტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ადგილობრივი მთავრობა აპირებს ბათუმის ბულვარის კონცეფციის შექმნას. ამ ბოლო დღეებში წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ საკითხს ზერელედ მოეკიდნენ. ჩვენდა გასაოცრად, კონცეფციის შექმნა დაავალა ისეთ კერძო კომპანიას, რომელიც ვერ გარკვეულიყო კონცეფციის და პროექტის სხვადასხვაობაში. მათ მიერ წარმოდგენილმა ე.წ. კონცეფციამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა და დაპირისპირება გამოიწვია. გვინდა მოგახსენოთ, რომ “კონცეფცია” უნდა შეიქმნას საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით. ხელისუფლების როლი აქ უნდა იყოს შეხვედრების ორგანიზება და წარმოდგენილი ინიციატივების შეკრება, ხოლო საზოგადოება წარადგენს და აფიქსირებს თავის აზრს, თუ როგორი ბულვარი სჭირდება. კონცეფცია უნდა იყოს ერთგვარი “კონსტიტუცია”, რის საფუძველზე შესაძლებელი იქნება შემდგომი კულტურული თუ ეკონომიკური საქმიანობები ბულვარში.
ჩვენი აზრით, გამართული საპროტესტო აქციები და იქ მობილიზებული პოლიტიკოსები უფრო დაძაბავენ სიტუაციას. კონცეფცია ისეთი სათუთი თემაა, რომ აქ პოლიტიკოსების განცხადებების ნაცვლად უნდა ილაპარაკონ სპეციალისტებმა, პროფესიონალებმა, მოქალაქეებმა. ვთხოვთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ქუჩის საპროტესტო აქციებისაგან და გადავიდეთ სამუშაო პროცესზე. ჩვენ, საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ კონცეფციის სამუშაო ვერსიას. დავიწყებთ შესაბამისი შეხვედრების მოწყობას: არქიტექტორებთან, მხატვრებთან, მუსიკოსებთან, დენდროლოგებთან, ურბანისტებთან, პროფესორ -მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, მეწარმეებთან, პენსიონერებთან, შევეცდებით სოციალური ქსელითაც საზოგადოების ფართო მასები მოვიცვათ და მათთან კონსულტაციების შემდეგ დავდოთ “კონცეფციის” საბოლოო ვარიანტი. ამით ვაიძულოთ ხელისუფლება და შესაბამისი ორგანოები, მაქსიმალურად გაითვალისწინონ საზოგადოების-უმრავლესობის სურვილები. გვინდა მადლობა გადავუხადოთ იმ უცნობ პიროვნებებს, რომლებსაც დაებადათ იდეა, შექმნილიყო ბათუმის ბულვარის კონცეფცია, შეიძლება სხვა რამ ჰქონდათ ჩაფიქრებული, მაგრამ კარგია, რომ გაჟღერდა, რადგან მოგვეცემა საშუალება შევქმნათ ისეთი კონცეფცია, როგორიც ეკადრება ჩვენს ბულვარს და ჩენს მოქალაქეებს.
უმორჩილესად გთხოვთ პოლიტიკოსებს: მაქსიმალურად თავი შეიკავეთ პოლიტიკური განცხადებებისაგან, საპროტესტო მოწოდებებისაგან და ურთიერთდაპირისპირებისგან, რადგან ამან შეიძლება კონცეფციის შექმნას ხელი შეუშალოს და დროში გაიწელოს. მოდით, ყველამ ერთად შევქმნათ კონცეფცია, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ბათუმის ბულვარის ბედი და აღარ გვქონდეს შიში, რომ მომავალში ვინმე თავისი სურვილისა თუ ხუშტურების დასაკმაყოფილებლად უხეშად ჩაერევა და დაიწყებს ამ ცოცხალი სხეულის დამახინჯებას. გთხოვთ, გააზიაროთ, რომ ბევრმა ქართველმა წაიკითხოს ეს თხოვნა“, – აღნიშნულია “აჭარის მწვანეთა მოძრაობის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები