გიორგი კვირიკაშვილი: როდესაც ქვეყანა ათავისუფლებს ბიზნესს წნეხისგან, მოსალოდნელია ზრდის ტემპის შენელება
რეჟიმის შემდეგ, როცა ქვეყანა გადადის დემოკრატიულ სისტემაზე და როდესაც ქვეყანა ათავისუფლებს ბიზნესს ბიუროკრატიული წნეხისგან, აბსოლუტურად მოსალოდნელია ზრდის ტემპის შენელება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ზრდის ტემპის შენელება გარე ფაქტორებისგანაც არის განპირობებული.
“რეჟიმის შემდეგ, როცა ქვეყანა გადადის დემოკრატიულ სისტემაზე და როდესაც ქვეყანა ათავისუფლებს ბიზნესს ბიუროკრატიული წნეხისგან, აბსოლუტურად მოსალოდნელია ზრდის ტემპის შენელება. ამ შენელების მიზეზები, როგორც უკვე ვთქვი, იყო როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებისგან განპირობებული. გავიხსენოთ ის მოვლენები, რა სიტუაცია იყო ქვეყანაში. მახსოვს ჩემი სახლის წინ კვირების განმავლობაში იდგა სპეციალური სოდ-ის ე.წ. მანქანები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერობის კანდიდატის ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას უსაფუძვლო უწოდეს. კვირიკაშვილმა განმარტა, რომ საზოგადოება თავად გააკეთებს შეფასებას მომხდარ და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
“შედარება არის საზოგადოების საქმე და საზოგადოება კარგად ხედავს იმ განსხვავებას, რომელიც დღეს არსებობს. ჩვენ არ ვართ იდეალურები, მაგრამ არის როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები. მაგრამ ტენდენცია რომ დადებითია, ამაზე, არა მგონია, ვინმეს რამე კითხვა ჰქონდეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.