დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველაზე დიდი მიღწევა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო არეალის შეთანხმებაა

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ხელისუფლებას გააჩნია, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო არეალის შეთანხმებაა.
აღნიშნული განცხადება ქუმსიშვილმა პარლამენტში აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
“ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია, ეს არის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო არეალის შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირთან მოეწერა ხელი და 2014 წლის სექტემბერში შევიდა ძალაში.
ამან მოგვცა შესაძლებლობა, გახსნილიყო დამატებით 500- მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი, ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქტის რეალიზებისთვის. ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანაში მოვიზიდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. 2012-2015 წლების განმავლობაში ექსპორტი, რომელიც ევროკავშირში შედიოდა, 24%-ით არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტის მთლიან წილში 15%-დან 30%-მდეა გაზრდილი.
2015 წლის 11 თვის მონაცემებით, ევროკავშირში ექსპორტი 11%-ით გაიზარდა. მოგეხსენებათ, რომ ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, რადგან თითქმის ყველასთან ვალუტის დევალვაცია იყო, იყო ეკონომიკური კრიზისი, სავაჭრო ბრუნვა შემცირდა და ის, რომ ჩვენ ევროპასთან სავაჭრო ბრუნვა გაგვეზარდა და მათ შორის ექსპორტიც და იმპორტიც, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ რეალურად თანაფარდობაა შეცვლილი”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები