საქალაქო სასამართლოში ვანო ჩხარტიშვილის კომპანიების სარჩელზე მორიგი სხდომა გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიების “პრომეტკო ჯორჯიასა” და “ჯე-ეს-კოს” საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 28 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება.
მოპასუხე მხარეს ფოთის საზღვაო ნავსადგური და შპს “ტრანსფორდი”, მესამე მხარეს კი “რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო” წარმოადგენს.
როგორც კომპანია “ტრანსფორდის” ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი აცხადებს, პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია. დარჩენილია მხარეთა რეპლიკა, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოიტანს.
პროცესის მიმდინარეობისას სარჩელის მოპასუხეებმა ფოთის საზღვაო ნავსადგურის შპს “ტრანსფორდის” და სასამართლოს მიერ მესამე მხარედ აღიარებულმა “რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს” ადვოკატებმა მოსამართლე გიორგი სულაკაძის აცილების საკითხი არაერთხელ დააყენეს. მათი განცხადებით, საქმეს არაუფლებამოსილი მოსამართლე და არაგანსჯადი სასამართლო იხილავს.
“ნაცვლად იმისა, რომ მოსამართლე გიორგი სულაკაძეს ეს საქმე ფოთის საქალაქო სასამართლოში გადაეგზავნა, ამაზე უარი განაცხადა. მოსამართლე იხილავს საქმეს, რომელსაც ნომერი არ გააჩნია. ამასთან, პროცესის მსვლელობის დროს დაშვებული იყო უხეში შეცდომები, როდესაც სასამართლოში სარჩელი ჯერ ერთმა კომპანიამ შეიტანა და შემდეგ იგივე კომპანიამ მეორე კომპანიის სახელითაც შეიტანა სარჩელი, რათა მეორე საქმეც მოსამართლე გიორგი სულაკაძის წარმოებაში მოხვედრილიყო. ფაქტობრივად, მოსამართლემ კანონის მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც არ გაითვალისწინა. წარმოებაში მიიღო საქმე იმგვარად, რომ ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა და ამას კანონიც კრძალავდა. დღეს სახეზე გვაქვს ვითარება, როდესაც მოსამართლე მოქმედ კანონმდებლობას ხელაღებით, აშკარად არღვევს.
კომპანია “ტრანსფორდის” ხელმძღვანელობამ მოსამართლე გიორგი სულაკაძის მიერ “სისხლის სამართლის კოდექსის” 381-ე მუხლის დარღვევის გამო მთავარ პროკურატურას უკვე მიმართა, ასევე, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა კი სამოქალაქო საპროცესო ნორმების შესაბამისი ნორმების დარღვევის გამო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ორივე განცხადება განხილვის საგანია”, – აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, ბიზნესმენმა ივანე ჩხარტიშვილმა ლონდონის სასამართლოში ამავე საქმეზე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დავა წააგო. აღნიშნული გადაწყვეტილება ლონდონის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით ივანე ჩხარტიშვილი უუფლებო სუბიეტად ითვლება.