საკრებულოში თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი განიხილეს
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
კომისიის სხდომას საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად წარმომადგენლობითი ორგანოს ქონების მართვისა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია უძღვებოდა, რომლის განცხადებითაც, ბიუჯეტის პროექტის პირველ და მეორე ჩასწორებულ ვერსიას შორის სხვაობა, დაახლოებით, 6 მლნ. ლარია.
როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების მიერ წარმოდგენილი შენიშვნები ბიუჯეტის ახალ ვერსიაში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული.
მისივე განცხადებით, შენიშვნების ძირითადი ნაწილი დასუფთავების ღონისძიებებს, გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ავარიული შენობების გამაგრებას, კოოპერატიული მშენებლობასა და ბინათმესაკუთრეთა პროგრამებს უკავშირდება.
დეპუტატის თქმით, არსებული შენიშვნები ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვარიანტში სოციალური დახმარების პროგრამის, ქალაქში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით არის გათვალისწინებული.
დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა წარუდგინა.
ლევან თევზაიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსური დოკუმენტი 815 მლნ. 893 000 ლარით იქნა განსაზღვრული.
მანვე სხდომაზე საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
თევზაიას განცხადებით, ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულ საკითხთა შორის რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა პრიორირეტული, რომელთაგან საქალაქო სამსახურის უფროსმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ქალაქში ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ჯანდაცვის, სოციალური და კომუნალური სუბსიდირების პროგრამები, ასევე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისა და კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო მიმართულებები გამოყო.
ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის წარდგენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ.
მერიისა და გამგეობის წარმომადგენლებმა საკრებულოს წევრების მხრიდან დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს, რის შემდეგაც დეპუტატებმა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭი უყარეს.
დეპუტატები დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ბიუროსა და შემდგომ საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.