“ნარმანია ბიუჯეტის ქურდი” – თბილისის საკრებულოსთან აქცია გაიმართა

“ნარმანია ბიუჯეტის ქურდი” – ამ და სხვა წარწერებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისის საკრებულოს შენობის წინ აქციას მართავს.
აქციის ორგანიზატორები მონიტორინგის ცენტრი “მედიატორი”, “აპრიორი” და “სამართლის თაობა” არიან.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, მათ აღნიშნული აქცია, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაგეგმეს, რომელსაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. აქციის მონაწილეები, თბილისის მერის მიერ დღეს საკრებულოში წარდგენილ 2016 წლის თბილისის ბიუჯეტს აპროტესტებენ და დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას გადადგომას ითხოვენ. ლევან ხაბეიშვილის თქმით, 2000-ზე მეტად გაიზარდა მერიაში საშტატო ერთეული.
შრომის ანაზღაურების მუხლი 2015 წელს 48 მილიონ ლარს შეადგენდა, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით კი 100 მილიონ ლარზე მეტია. მისივე განცხადებით, 7 მილიონი ლარით შემცირებულია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. გასულ წელს თუ ის შეადგენდა 85 მილიონ ლარს, პროექტის მიხედვით 78 მილიონი ლარი გახდება.
ასევე შემცირებულია სოციალური დაცვის მიმართულებით დაფინანსება, 178 მილიონი ლარიდან 173 მილიონ ლარამდე. ხაბეიშვილის თქმით, მაშინ როდესაც მოშიმშილეთა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა, კერძოდ, თუ 2015 წელს 13 576 ბენეფიციარი იღებდა უფასო სასადილოებიდან საკვებს, ეს რიცხვი მომავალი წლის ბიუჯეტით 32 ათას ბენეფიციარამდეა გაზრდილი. “შემცირდა სპორტის მიმართულებით დაფინანსება 1 მილიონი ლარით”, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, ბიუჯეტი კონკრეტულ მაღალჩინოსნებზე არის გათვალისწინებული, რომლებმაც გაორმაგებული პრემიები და დანამატები უნდა დაირიგონ.
“თუ ღარიბაშვილმა ქვეყანა კოლაფსში შეიყვანა, დავით ნარმანიამ და მისმა გუნდმა დედაქალაქი კრიზისში შეიყვანა, რომლიდანაც გამოსვლა მის მემკვიდრეს ძალიან გაუჭირდება”, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები