ნინო გვენეტაძემ ლევან მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ დღევანდელ კენჭისყრაზე ლევან მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს კენჭისყრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“ისედაც ცნობილია, რომ მხარი არ დავუჭირე. ის უკვე მოსამართლეა და მე არ მაქვს უფლება მისი დანიშვნის შესახებ სხვა კომენტარი გავაკეთო”, – აღნიშნა გვენეტაძემ.
რაც შეეხება კონკურსის შედეგებს, როგორც გვენეტაძემ განმარტა, საერთო სასამართლოების 61 ვაკანსიაზე 38 მოსამართლე დაინიშნა.
“საერთო სასამართლოების სისტემაში 61 ვაკანსიაზე კენჭისყრა დამთავრდა. სააპელაციო და რაიონულ საქალაქო სასამართლოებში დაინიშნა 38 მოსამართლე. მოსამართლედ დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის 8 მსმენელი. 6 მოქმედი მოსამართლე და 24 ყოფილი მოსამართლე. ვაკანტური დარჩა მოსამართლის 23 თანამდებობა, რომელზეც კონკურსი 2-3 დღის განმავლობაში გამოცხადდება”, – განაცხადა გვენეტაძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართა. დღევანდელი კენჭისყრის შედეგებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე. მურუსიძეს მხარი დაუჭირა 11 კანდიდატიდან ათმა. როგორც აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, მურუსიძეს მხარი ნინო გვენეტაძემ არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები