რა ქონებას ფლობს იუსტიციის საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, რომელმაც მხოლოდ პრემიის სახით 18 500 ლარი მიიღო
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მინდია უგრეხელიძის მეუღლემ, ევა გოცირიძემ, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრია, მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ პრემიის სახით 18 500 ლარი მიიღო, ხოლო ხელფასის სახით 55 000 ლარი, რაც, ჯამში, 73 500 ლარს გაუტოლდა.
როგორც ორგანიზაცია IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, იუსტიციის საბჭოს წევრები, მათ შორის ევა გოცირიძე ყოველ სამ თვეში ერთხელ მხოლოდ პრემიის სახით 5000 ლარს იღებდა.
აღსანიშნავია, რომ ეს თანხა, შარშანდელთან შედარებით, 16 500 ლარით ნაკლებია. ევა გოცირიძემ შარშან ხელფასისა და პრემიის სახით 90 000 ლარი მიიღო.
იუსტიციის საბჭოს წევრი ევა გოცირიძე პარალელურად ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობს. პროფესორმა გოცირიძემ შარშან საკუთარ ბიუჯეტს, დამატებით 7800 ლარი შესძინა.
გოცირიძის ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრს თბილისში სხვადასხვა უბანში ორი ბინა აქვს. ხოლო საფრანგეთში, კერძოდ, სტრასბურგში, მარნის ბულვარზე 100.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას ფლობს.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, იუსტიციის საბჭოს წევრის სახელზეა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ამბროლაურის რაიონის სოფელი ხოტევში. თუმცა აქ ევა გოცირიძეს მხოლოდ 50 პროცენტი ეკუთვნის.
იგი კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს ფლობს გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში, სადაც 1300 კვ.მ. ფართობის ტერიტორია ევა გოცირიძეს ეკუთვნის.
ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ევა გოცირიძის მეუღლეს, მინდია უგრეხელიძეს თბილისთან ახლოს, დაბა წყნეთში კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი აქვს და კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი და სახლი – ქუთაისში. ოჯახში ორი მსუბუქი ავტომანქანაა, რომელიც მინდია უგრეხელიძის სახელზეა რეგისტრირებული.
კერძოდ, ევა გოცირიძის მეუღლის მფლობელობაშია „ფოლქსვაგენ პასატი“ და „მერსედეს სიალკა“. ევა გოცირიძის პირად ანგარიშზე 10 000 ევრო აქვს, ხოლო მინდია უგრეხელიძეს – 5000 ევრო.
მინდია უგრეხელიძე და ევა გოცირიძე ქონებრივ დეკლარაციაში ოჯახის გასავალსაც უთითებენ. ცოლ-ქმარმა გასულ წელს, საზღვარგარეთ მგზავრობასა და მკურნალობაში 8860 ევრო დახარჯა. შვილის სწავლის გადასახადს – 2850 ევროს ევა გოცირიძე იხდის.
შეგახსენებთ, რომ ევა გოცირიძე თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, სევდია უგრეხელიძის ძმის მეუღლეა.