გიორგი მუსხელიშვილმა და ლია ჯახველაძემ საქველმოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თბილისელების“ თავმჯდომარემ გიორგი მუსხელიშვილმა, ამავე ფრაქციის წევრთან, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარესთან ლია ჯახველაძესთან ერთად, საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც სკოლის აღსაზრდელების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, თბილისის N 55 საჯარო სკოლის ორგანიზებით, ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ჩატარდა.
დეპუტატებმა ბავშვების მიერ დამზადებული ნივთები შეიძინეს და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ სკოლას დედაქალაქის სხვა სკოლებიც მიბაძავენ და მსგავსი ტიპის აქციებს თბილისის მასშტაბით მომავალშიც გამართავენ.
ღონისძიებაზე შესული თანხა მთლიანად “ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვთა” ფონდს გადაერიცხება, რომლის მიზანსაც ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვთა საახალწლო სურვილების შესრულება წარმოადგენს. საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენა-გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათამდე გაგრძელდება.