„ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფში ცვლილებების შეტანა გარდაუვალი აუცილებლობა იყო“
„აფბას“ ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა სემეკის საქმიანობა დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფში ცვლილებების შეტანა გარდაუვალი აუცილებლობა იყო.
ანალიტიკოსმა მიმდინარე წელს განხორციელებულ სატარიფო ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზე ელექტროენერგიის ტარიფების კორექტირება გარდაუვალი აუცილებლობა იყო.
„მიმაჩნია, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფში ცვლილებების შეტანა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზე თბოსადგურებს მნიშვნელოვანად გაეზრდათ გენერაციის ტარიფი, რამაც პირდაპირი ასახვა ჰპოვა სამომხმარებლო ტარიფზე.
ვფიქრობ, ტარიფი სრულად უნდა ასახავდეს იმ ხარჯებს, რაც დარგში არსებობს და ენერგეტიკა არ გახლავთ სფერო, რომელიც სოციალური პრობლემების გადასაჭრელად გამოდგება.
საზოგადოებრივ წრეებში არაპოპულარულობის მიუხედავად, ამ კუთხით სემეკის საქმიანობა შესაძლოა, დადებითად შეფასდეს. მან სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, სამართლიანი ტარიფები დაადგინა, რომელიც დარგში არსებული კომპანიებისთვის და მოსახლეობის უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა”აფბას” ანალიტიკოსმა.
გარდა ამისა, დღეს მედიასთან შეხვედრაზე გვიდიანმა დადებითად შეაფასა ტრანსანატოლიური მილსადენის მშენებლობა, რომელიც მიზნად ისახავს, ევროპის გაზმომარაგების და ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას.
როგორც გვიდიანმა “პირველ პრესკლუბში” აღნიშნა, TANAP-ის პროექტი რეგიონის ქვეყნებისა და ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
„ტრანსანატოლიური მილსადენის მშენებლობა უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს, ევროპის გაზმომარაგებისა და ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ტრანსანატოლიური პროექტის განხორციელებით საქართველოს რეგიონული როლი და გავლენა რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ TANAP-ის პროექტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდგომ, საქართველო ბუნებრივი აირის ტრანზიტიდან გარკვეული ოდენობის ბუნებრივ აირს მიიღებს, რაც საქართველოს ენერგოუსაფრთხოების პარამეტრების გასაუმჯობესებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პროექტის საფუძველზე შემოსული ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.