საკრებულოში სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ორო საკითხი დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ წარუდგინა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის საკითხისა და ამ მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის # 3-5 დადგენილებაში ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.
აღნიშნული ცვლილების თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის დებულების მე-3 მუხლს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი ემატება:
,,კომისია ხელს უწყობს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის განხორციელებას, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, არსებობს ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თბილისის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით აქტიური ქმედებები განახორციელოს.
კომისიის წევრებმა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტის თაობაზე იმსჯელეს.
გულიკო ზუბაძის ინფორმაციით, კომისიის მიერ წარმოდგენილი შენიშვნების ნაწილი ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული იქნა, თუმცა, 23 მილიონი ლარი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014წლის 31 ოქტომბრის N5 -156 განკარგულებიდან გამომდინარე, დიდი ლილოს საყოფაცხოვრებლო ნარჩენების პოლიგონზე განხორციელებული და განსახორციელებელი ღონისძიებების გატარების მიზნით უნდა გამოყოფილიყო, ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში არ ასახულა.
,,აღნიშნული თანხის ნაწილი გაზშემკრების დაყენებისთვისაა საჭირო, რამაც სუნის გამომწვევი მიზეზების და პრობლემების აღმოფხვრა, ასევე ნარჩენების პოლიგონის სწორი ექსპლატაციისთვის დამატებითი უჯრედის გახსნა და სხვა ტექნიკური პროცესების შესრულება უნდა უზრუნველყოს’’,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ და აღნიშნა, რომ ტენდერის დროულად გამოცხადების მიზნით, კომისია აღნიშნული თანხის ბიუჯეტში ასახვას პრინციპულად მოითხოვს.
,,წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებულ ტერიტორიაზე მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას მივიღებთ’’,-მიიჩნევს დეპუტატი. წარმოდგენილ საკითხებზე მსჯელობა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გაგრძელდება.