გიორგი ინწკირველს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მრჩეველს გიორგი ინწკირველს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობის გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა – ამით საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მუქარის განხორციელებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე, ბრალდებულ გიორგი ი.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 5000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით. გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა. წარდგენილი ბრალის თანახმად, გიორგი ი.-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მანვე ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის გამოყენებით.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ საფრთხეები, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში არსებობს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით, კერძოდ, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის რისკები, უზრუნველყოფილი იქნება შედარებით მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გამოყენების პირობებშიც. ვინაიდან, სწორედ გირაო წარმოადგენს პროპორციულ აღკვეთის ღონისძიების სახეს გიორგი ი.-ს მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებასთან მიმართებაში, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და ექნება მისი შემაკავებელი ხასიათი“,-აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშ.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2016 წლის 10 თებერვალს, 13:00 საათზე.

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ საქართველოს მთავარი პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი 22 დეკემბერს დააკავა.

მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოთხოვნაზე – დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, არ დაემორჩილა და ძალადობის გამოყენებით გაუწია წინააღმდეგობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები