რა პროცედურებია საჭირო მთავრობის დამტკიცებისთვის -კონსტიტუციონალისტის განმარტება
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც შეუწყდათ.
“კვირასთან“ კონსტიტუციით გათვალისწინებულ პროცედურებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა წარუდგინოს.
პრეზიდენტმა შესაბამისი კანდიდატი პარლამენტს შვიდი დღის ვადაში უნდა წარუდგინოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს.
მთავრობისათვის პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
“იმ შემთხვევაში, თუ მთავრობამ ნდობა ვერ მიიღო, პრეზიდენტი პარლამენტს 30 დღის შემდეგ მთავრობის იგივე ან შეცვლილ შემადგენლობას ხელმეორედ წარუდგენს, შეცვლის შემთხვევაში, ცვლილებას ისევ პრემიერი ახორციელებს. თუ კვლავ ვერ მიიღო ნდობა, პარლამენტის წევრთა 2/5-ს შეუძლია თავად წარუდგინოს პრეზიდენტს კანდიდატი ან კანდიდატები და პრეზიდენტი დასახელებული კანდიდატებიდან წარადგენს მათ, ვისაც მეტი პარლამენტარის მხარდაჭერა ექნება. იმ შემთხვევაში კი, თუ მთავრობამ ამჯერადაც ვერ მოიპოვა პარლამენტის ნდობა, მაშინ პრეზიდენტი ვალდებულია, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, – განუცხადა “კვირას“ ვახტანგ ძაბირაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ განცხადება მან ცოტა ხნის წინ გააკეთა.