მაია ფანჯიკიძე: ყველამ უნდა აცალოს პროკურატურას მუშაობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გარდაცვლილი ჟვანიასა და უსუპოვის ინტერნეტში გავრცელებულ ფოტომასალას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ფოტოებმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. მისი თქმით, ეს ფოტოები ადასტურებს უფრო სხვა რამეს, ვიდრე ის ვერსია, რომელიც აქამდე არსებობდა საზოგადოებაში. მისივე თქმით, ის, რომ პროკურატურას აქვს გეგმა, თუ როგორ წარმართოს ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება, ძალიან კარგია.
“მე შემიძლია ვისაუბრო ერთი ადამიანის პოზიციიდან, რომლისთვისაც ძალიან მძიმე იყო იმ კადრების ნახვა, რომელიც ინტერნეტ სივრცემ შემოგვთავაზა. ის გეგმა, რომელიც აქვს პროკურატურას, თუ როგორ წარმართოს გამოძიება, არის ძალიან კარგი. მე გამოვთქვამ სურვილს, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ თემაზე არაჯანსაღი აჟიოტაჟი და უნდა გაირკვეს თუ რა ვითარებაში გარდაიცვალ ბატონი ზურაბ ჟვანია და ბატონი უსუპოვი, ეს არის ახლა მთავარი. მე მგონი, ყველამ უნდა აცალოს პროკურატურას მუშაობა და იმედი მაქვს, რომ ეს საქმე მალე დასრულდება, ამ სიბნელით მოცულ საქმეს ნათელი მოეფინება და ჩვენ აღარ გვექნება შეკითხვები ამ საქმეზე”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების კადრები გავრცელდა. კადრების ნაწილი ბინაში, ხოლო ნაწილი პროზექტურაშია გადაღებული. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ. ვიდეო იუთუბიზე ჰაკიმ ფაშას სახელით აიტვირთა.