თინა ხიდაშელი: ეროვნული გვარდია ყოველთვის იქ იყო, სადაც სამშობლო ეძახდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ეროვნული გვარდიის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა, რომ, დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ქართული ჯარის ფუნდამენტი დგას ეროვნულ გვარდიაზე
მინისტრის განცხადებით, დღევანდელი დღე ქართული ჯარის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დღეა.
“ყოველთვის იქ იყო ეროვნული გვარდია, სადაც სამშობლო ეძახდა. ყოველთვის იქ იყვნენ გვარდიელები, სადაც ყველაზე მეტად გვიჭირდა. დღესაც ავღანეთში დგანან ქართველი გვარდიელები. დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ქართული ჯარის ფუნდამენტი დგას ეროვნულ გვარდიაზე”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, როდესაც ჯარში მიდის, არის მაგალითები, რომლის გამოც ისინი მიდიან ჯარში.
“ყველაზე მთავარი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, როდესაც ჯარში მიდის, არის მაგალითები, რომლის გამოც მიდიან ჯარში. არის ის გმირობის გაკვეთილები, რომლის მაგვარიც თავად უნდათ, რომ შექმნან. არიან ადამიანები, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც უნდათ, რომ ემსგავსებოდნენ. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ასეთი გმირობის მაგალითები ყველაზე უფრო მეტად ეროვნული გვარდიის მიერ არის შექმნილი”, – განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა ეროვნულ გვარდიას 13 ივნისს გაწეული გმირობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩვენ – ყველამ კარგად ვიცით, რომ სადაც არ უნდა გვიჭირდეს, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გვქონდეს გვარდიის იმედი. ეს იყო არა მხოლოდ 13 ივნისს, არამედ სხვა შემთხვევებშიც”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ცნობისთვის, ეროვნულ გვარდიაში დღეს 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სამხედრო პირებიც დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები