„თუ საქართველო დაიწყებს საუბარს აფხაზ და ოს ხალხთან, რუსეთი ამას ხელს არ შეუშლის“
„ უკანასკნელ სამ წელიწადში მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ, რაც ევროკავშირის მიერ მოწონებული იყო და ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა წევრმა მხარი დაგვიჭირა“, – განცხადება ამის შესახებ ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ გააკეთა.
როგორც თოფაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის შესახებ პრაქტიკულად ევროპაში ინტეგრაციის გზას გვიხსნის.
„ვიზალიბერალიზაცია ჩვენს ქვეყანას ძალიან წაადგება. ეს ძალიან დიდი მიღწევა და წინგადადგმული ნაბიჯია. ეს პრაქტიკულად გვიხსნის ევროპაში ინტეგრაციის გზას. ჩვენს ქვეყანას ეს წაადგება ეკონომიკური განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის…“ განაცხადა გოგი თოფაძემ. ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის განცხადებებიც, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან მიმართებაში გააკეთა.
„არ უნდა გამოგვრჩეს რუსეთის პრეზიდენტის მნიშვნელოვანი განცხადებაც. მან განაცხად,ა რომ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზად არის. ეს გაზრდის ექსპორტს, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის ჟანგბადია. რაც შეეხება ანექსირებულ ტერიტორიებს, პუტინმა აღნიშნა, რომ თუ საქართველო დაიწყებს საუბარს აფხაზ და ოს ხალხთან, რუსეთი ამას ხელს არ შეუშლის. რადგან ეს განცხადება გაკეთდა, ჩვენი ხელისუფლება შანსს ხელიდან არ გაუშვებს და გარკვეული მოლაპარაკებები გაიმართება“,- განაცხადა გოგი თოფაძემ.
რაც შეეხება რუსეთთან უვიზო მიმოსვლას, თოფაძის თქმით, პუტინის კიდევ ერთი განცხადება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, მისი მხრიდან მესიჯი იყო იმისა, რომ მხარეებმა ამ თემაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ.