„ევროლიბერალიზაციის დადებითი შეფასება ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა”
ევროლიბერალიზაციის დადებითი შეფასება ამ ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ მომზადებული დადებითი დასკვნა არის იმისა აღიარება, რომ ყველა რეფორმა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეწევა, არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
„საქართველოს უახლესი ისტორიის ფარგლებში, მე ასეთ მიღწევას ვერ ვიხსენებ. ეს გახლავთ აღიარება იმისა, რომ ყველა ცვლილება, ყველა რეფორმა, რომელსაც საქართველო, საქართველოს მთავრობა ეწევა, რომელშიც ერთსულოვანია ერი, არის წარმატებული და აღიარებულია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და ვიტყოდი, რომ ეს არის ისტორიული მოვლენა. ბედნიერი ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი ვართ ამ ისტორიული მოვლენის თანამონაწილენი, კონტრიბუტორები და ჩვენზე ძალიან ბევრი რამ არის მომავალშიც დამოკიდებული“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ასოცირების ნაწილში საკმაოდ დიდი დატვირთვა სოფლის მეურნეობაზე მოდის.
„მინდა შეგახსენოთ, რომ ასოცირების ნაწილში საკმაოდ დიდი დატვირთვა მოდის სოფლის მეურნეობაზე. რამდენიმე ასეული დირექტივაა, რომელიც ჩვენ გვაქვს შესასრულებელი, რომელზეც დაწყებულია მუშაობა.
გილოცავთ ყველას, ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი წინასაახალწლო მოვლენა, რომელიც ჩვენს განწყობაზე ნამდვილად ძალიან კარგად იმოქმედებს და, ზოგადად, რაც ხდება პოლიტიკურ სივრცეებში საქართველოსთან მიმართებაში, არის ცალსახა პოზიტივი და ეს, რა თქმა უნდა, აუცილებლად ჰპოვებს თავის გავლენას სხვა დარგებზეც“, – განაცხადა დანელიამ.
„სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ საქართველოს მიერ შესრულების შესახებ მიმდინარე ანგარიში ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა.