რა საბუთები დასჭირდებათ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ევროპაში გასამგზავრებლად
გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ევროკომისიის მიერ საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ მხარდაჭერილ გადაწყვეტილებაზე სტატიას აქვეყნებს. სტატიაში განმარტებულია, თუ რა საბუთები დასჭირდებათ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ევროპაში გასამგზავრებლად.
„თუ ევროკომისიის წინადადებას ევროკავშირის წევრები მხარს დაუჭერენ, საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმი 2016 წლის ზაფხულიდან ან შემოდგომიდან ამოქმედდება. 2014 წლის აპრილში ეს რეჟიმი მოლდავეთისთვის ამოქმედდა.
საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ვიზები არ დასჭირდებათ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა. ეს რეჟიმი ასევე ვრცელდება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებზე – ისლანდიაზე, ლიხტეინშტეინზე, ნორვეგიასა და შვეიცარიაზე. უკრანელებმა და ქართველებმა უნდა იქონიონ ბიომეტრიული პასპორტი, მათ შენგენის ზონაში ნახევარი წლის მანძილზე, 90 დღის განმავლობაში გაჩერება შეეძლებათ. წესების დარღვევის შემთხვვევაში, აღნიშნული პირების მონაცემები შენგენის საინფორმაციო სისტემაში იქნება შეტანილი და მათ ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ“, – აღნიშნულია სტატიაში.
„დოიჩე ველე“ ასევე წერს, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმების საშუალებას არ იძლევა. ამისთვის საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს სამუშაო ვიზის აღება მოუწევთ, იგივე ეხება სასწავლებლად წასვლის მსურველებსაც.
„შენგენის ზონის გადაკვეთის დროს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს პრაქტიკულად ყველა ის საბუთი დასჭირდებათ, რომლებიც ვიზის მიღების დროს არის საჭირო. საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს შეუძლიათ მოითხოვონ ვიზიტის მიზნის დადასტურება, მოითხოვონ ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩენის და შემდგომი დაბრუნებისთვის აუცილებელი თანხების ჩვენება, ასევე სამგზავრო ჩეკები და სასტუმროს ჯავშანი. ნათესავების ან და მეგობრების სტუმრობის შემთხვევაში მათი მოწვევა, ასევე მისამართი და ტელეფონის ნომერი. სამედიცინო დაზღვევა აუცილებელი არ არის, მაგრამ მოლდოვის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, რომ სამედიცინო დაზღვევაც თან იქონიონ“, – წერს „დოიჩე ველე“.
შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოსა და უკრაინის მიერ ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება დადებითად შეაფასა.