ლევან ბერძენიშვილის განმარტებები – საქართველოს პირველი მოქალაქე შენგენის ქვეყნებში 5 თვის შემდეგ უვიზოდ შევა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი იმ პროცედურებს განმარტავს, რომელიც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დაკვნას უნდა მოჰყვეს.
ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, საქართველოს პირველი მოქალაქე ბიომეტრიული პასპორტით შენგენის რომელიმე ქვეყანაში უვიზოდ დაახლოებით ხუთი თვის შემდეგ შევა.
„ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი შემდგომში დაახლოებით ასე უნდა წარიმართოს: 1. 18 დეკემბერი: დასკვნა; 2. რამდენიმე დღეში: ოფიციალური შეთავაზება; 3. ორ-სამ თვეში: კენჭისყრა კომიტეტში; 4. სამთვენახევარში: კენჭისყრა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე; 5. ოთხ თვეში: ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება 539/2001 რეგულაციაში ცვლილებაზე; 6. ოთხნახევარ თვეში: რეგულაციის ცვლილების ხელმოწერა ევროპარლამენტის ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ; 7. ოთხ თვესა და სამ კვირაში: ხელმოწერილი ტექსტის გამოქვეყნება; 8. მაქსიმუმ ხუთნახევარ თვეში: ძალაში შესვლა, პირველი ქართველი მოქალაქე ბიომეტრიული პასპორტით უვიზოდ შევა შენგენის რომელიმე ქვეყანაში“, – წერს ლევან ბერძენიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ პოზიტიური ანგარიში რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
მასში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.
ეს არის საქართველოს შესახებ ევროკომისიის ბოლო, რიგით მეოთხე ანგარიში, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები