„თუ პოლიტპატიმრების მიმართ უყურადღებობა გაგრძელდა, მასშტაბური გამოსვლები დაიწყება“

პოლიტპატიმრის სტატუსით ციხეებიდან გათავისუფლებულმა ადამიანებმა საქართველოს პარლამენტში, მათი სრული რეაბილიტაციის მოთხოვნით, ოფიციალური მოთხოვნა შეიტანეს. თუ პარლამენტი და ძალოვანი უწყებები, რომელთაც მათი საქმის გადახედვა ევალებათ, პროცესს დროულად და ოპერატიულად არ დაიწყებენ, 130-მდე პოლიტპატიმრის სტატუსის მატარებელი მასშტაბურ გამოსვლებს გეგმავს.
პოლიტპატიმრების მოთხოვნებთან დაკავშირებით პოლიტპატიმარმა ტრისტან წითელაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა და მოთხოვნილ პუნქტებზე დეტალურად ისაუბრა.
„განცხადებები, რომ პოლიტპატიმრებმა თავისუფლება გარკვეული თანხის სანაცვლოდ მივიღეთ, სიცრუეა. ჩვენ სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრები ვიყავით და ჩვენი ბრძოლა ციხეშიც გრძელდებოდა. ჩვენ არასდროს ვაღიარებდით იმ ბრალდებებს, რაც სააკაშვილის რეჟიმმა წაგვიყენა და სტრასბურგამდეც კი მივედით. 2013 წლის 13 იანვარს საპყრობილეები 195-მა პოლიტპატიმარმა დავტოვეთ. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობდა და ჩვენ მათთან მუდმივად კითხვა-პასუხის რეჟიმში ვიმყოფებოდით. ერთს მაინც რომ უარყოფითი დასკვნა დაედო რომელიმე ჩვენგანზე, ჩვენ პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან ვერ გამოვიდოდით. გამორიცხულია, რომ ჩვენ ვინმეს რაიმე თანხა გადავუხადეთ“, – აღნიშნა წითელაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში. სტუმრის განცხადებით, არ არის გამორიცხული, პატიმრების გარკვეულ რაოდენობას ამ სიებში მოხვედრის სურვილი ჰქონოდა, თუმცა, ამ სიების გაცხრილვაზე 4 კომისია მუშაობდა: „პატიმარი ყველანაირი გზებით ცდილობს, ციხე დატოვოს და ყველას გაუჩნდებოდა სურვილი, ეპოვა რამე გზა ან ვინმე, ვინც ციხის დატოვებაში დაეხმარებოდა, მაგრამ, კომისიები იმიტომ არსებობდა, რომ ფილტრაცია მომხდარიყო“. რაც შეეხება პოლიტპატიმართა მოთხოვნებს, როგორც წითელაშვილმა აღნიშნა, პარლამენტს სულ რამდენიმე დღეა მიმართეს და მათ რეაგირებას ელოდებიან. ტრისტან წითელაშვილი: „2014 წლიდან დავიწყეთ ბრძოლა და მიმართვა პროკურატურაში, რომ მომხდარიყო ჩვენი საქმეების გადახედვა, ჩვენი ბოლომდე რეაბილიტაცია. ვითხოვდით, რომ ეს საქმეები დაბრუნებულიყო სასამართლოში და გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო.
პროკურატურიდან ვიღებდით პასუხს და ბოლო პასუხი 1 კვირაა მივიღეთ, რომ ველოდებით ახალ გარემოებებს. არადა, პოლიტპატიმრის სტატუსი სწორედ ახალ გარემოებას ნიშნავს და ამის საფუძველზე ხელახალი გამოძიება უნდა დაეწყოთ. მივმართავთ ყველა კანონიერ საშუალებას, რომ ჩვენი საქმეები გადაიხედოს. თუ ვნახავთ, რომ უყურადღებობა გაგრძელდა, მასშტაბური გამოსვლები დაიწყება. ჩვენი მოთხოვნაა სრული რეაბილიტაცია. არ ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ კომპენსაციები დღესვე გადაგვიხადოს. ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ეს საქმე გაიწელოს, თუმცა, უნდა მოხდეს ჩვენი ქონების დაბრუნება, ყადაღის მოხსნა და სრული რეაბილიტაცია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები