“რადგან შედეგებმა აქამდე მოაღწია, ანგარიშის დასკვნა, სავარაუდოდ, დადებითი უნდა იყოს”
ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე ანგარიშს 18 დეკემბერს გამოაქვეყნებს. ექსპერტებისა და პოლიტოლოგების უმრავლესობა დადებითი ანგარიშის მოლოდინშია.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ანგარიში ხელისუფლების შესაფასებლად ქვეყნდება და რადგან შედეგებმა აქამდე მოაღწია, ანგარიშის დასკვა, სავარაუდოდ, დადებითი უნდა იყოს.
„ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებით, ევროკომისიის დავალებები შესრულებულია, რამდენად კარგად არის შესრულებული ამას დასკვნა გვიჩვენებს. ეს ანგარიში ხელისუფლების მუშაობის შესაფასებლად ქვეყნდება. რადგან შედეგებმა აქამდე მოაღწია, ანგარიშის დასკვა, სავარაუდოდ, დადებითი უნდა იყოს”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო.
როგორც საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დასკვნა დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს. დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროკომისიის დასკვნა 18 დეკემბერს გამოქვეყნდება.