თინათინ ხიდაშელი ალბანეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალბანეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა. როგორც ნიკო ფელეშმა განაცხადა, დადგა დრო, მხარეებმა მეტ თანამშრომლობასა და საერთო პრობლემებთან ერთობლივი ძალისხმევით გამკლავებაზე იზრუნონ.
„ჩვენ საბოლოო დანიშნულების ადგილი ერთი გვაქვს – საქართველო და ალბანეთი „ევროპული ოჯახის“ წევრები უნდა გახდნენ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერების ყველა სავარაუდო სფერო განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვიცე-პრემიერს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ალბანეთის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო მადლობა გადაუხადა.
აღნიშნული პაკეტის ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს 13 მიმართულებით აძლიერებს, ალბანეთი საქართველოს თავდაცვის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის მიმართულების ექსპერტიზით ეხმარება.
ალბანეთის თავდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა, გადაწყდა, რომ ალბანეთი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის მონაწილეობასა და როლს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში.
ალბანეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ თინათინ ხიდაშელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჰალილ ჰისენისაც შეხვდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისთვის ყველა გზა და საშუალება უნდა მოისინჯოს, რადგან ეს იქნება ხიდი ორ ქვეყანასა და მათ ხალხებს შორის, ეს ხიდები კი საერთო პრობლემების წინააღმდეგ ერთობლივი წარმატებისა და გამარჯვებების რეალურ შანსს მოგვცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები